საუბრები რაოდენობებზე

საკითხები: რაოდენობების სწრაფი აღქმა; არგუმენტაცია; კომუნიკაცია; კრიტიკა; სააზროვნო პროცესებზე დაკვირვება

მასალები: მარკერი და თეთრი დაფა, ან პროექტორი

 

მოცემული აქტივობა რაოდენობებით თამაშს წააგავს და მისი დახმარებით, მოსწავლეები მნიშვნელოვან სააზროვნო უნარებს ივითარებენ. 

რატომ არის კარგი აქტივობა

სულ რაღაც 5-10 წუთიანი აქტივობაა, რომელშიც მარტივად ჩავრთავთ თითოეულ მოსწავლეს. აქტივობა ხელს უწყობს სამეტყველო აპარატის დახვეწას, არგუმენტაციისა და ინტუიციის გაძლიერებას. უმჯობესდება მენტალური მათემატიკისთვის დამახასიათებელი უნარები და ავითარებს მოსწავლეების კრიტიკულ აზროვნებასაც.

დაწყება

საუბარი იწყება ძალიან მარტივად. მასწავლებელი ხატავს დაფაზე წერტილებს, რომლის დანახვაც ყველა მოსწავლეს შეუძლია  და სთხოვს დათვალონ რამდენი წერტილია, ან ყველას დასანახად, პროექტორით აშუქებს სხვადასხვა რაოდენობის წერტილებს და სვამს იგივე შეკითხვას: “რამდენი წერტილია?” 

 

საჭიროა, მოსწავლეებს მივცეთ დრო, რომ ინდივიდუალურად აღიქვან რაოდენობები, შემდეგ კი გაუზიარონ მეწყვილეებს თავიანთი აღმოჩენა დათვლის მარტივი მეთოდის შესახებ. წყვილში ინფორმაციის გავცლის შემდეგ, საჯაროდ განიხილეთ მოსწავლეების მიერ აღმოჩენილი განსხვავებული თვლის ხერხები და გამართეთ დისკუსია. საჯარო განხილვა დაეხმარებათ მოსწავლეებს უკეთ გაიაზრონ ის სააზროვნო პროცესები, რაც მათ გონებაში მიმდინარეობს რაოდენობების აღქმის პროცესში. შესაძლოა, მოსწავლეებმა მათთვის უფრო მარტივი და პრაქტიკული თვლის ხერხიც კი აღმოაჩინონ.

 

საჯარო განხილვა აქტივობის საკვანძო ნაწილია. სწორედ მისი მეშვეობით ეუფლებიან მოსწავლეები კრიტიკული განსჯისა და კომუნიკაციის უნარს. აკვირდებიან და აღწერენ იმ სააზროვნო პროცესებს, რაც მათ გონებაში მიმდინარეობს. საჯარო განხილვის დროს, მოსალოდნელია, გამოიკვეთოს განსხვავებული აზრებიც, რაც უნდა გამოიყენოთ, როგორც მოსწავლეების მამოტივირებელი რამ, რომ გადმოსცენ თავიანთი იდეები კლასელებისთვის გასაგებად.

სამუშაო

მოსწავლეებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მიდგომები წერტილების დასათვლელად:  თითო-თითო, ორეულები, ხუთეულები, ათეულები, ათეულების ჩარჩოს გამოყენებით თვლის მეთოდი… მათი თვლის მეთოდების მოსმენა მნიშვნელოვანია და აქტივობის მთავარ გასაღებს წარმოადგენს. რაც უფრო მეტს ურთიერთობთ მათთან, უფრო მეტ ინტერესსა და ინიციატივას იჩენენ, ცდილობენ ახალი გზები აღმოაჩინონ, რომ კვლავ შეეძლოთ გაზიარება.

სურათზე მოცემულ წერტილებში შეიძლება მოსწავლემ დაინახოს „8+8“, როდესაც სხვები ხედავენ, რომ თუ ორ წერტილს შევუცვლით ადგილს, მიიღება 3 ხუთეული და კიდევ ერთი გადანაცვლებული წერტილი, რაც ნიშნავს რომ 15-ზე ერთით მეტია. სხვა მოსწავლეებმა, შესაძლოა, წარმოიდგინონ, რომ 2 წერტილის გადაადგილებით ქვედა ჩარჩოდან ზემოთ ავსებს 10-ს და ხედავს ჯამში 16-ს. ასევე შეიძლება შენიშნონ, რომ ჯამში არის 20-ზე 4-ით ნაკლები.

საუბრები რაოდენობებზე

სააზროვნო კითხვები

  • ვის სურს აგვიხსნას მისი ხერხი?
  • ვერ ვხვდები. ჯერ “ეს” ჯგუფი უნდა დათვალო?
  • როგორ გააკეთე/იცოდი ეს?
  • ვინმეს შეუძლია აგვიხსნას რას ამბობს მარიამი?
  • აუხსენით თქვენს გვერდით მჯდომს, თუ როგორ დათვალეთ თქვენ. 

რჩევები

  • მოსწავლეები ეცდებიან დაგაზუსტებინონ, თუ რა არის სწორ პასუხი. არ ამჯობინო სწორი პასუხი არასწორს! აქტივობის მთავარი მიზანი არგუმენტაციის უნარის განვითარებაა. ბევრად მნიშვნელოვანია ახსნა და არა სწორი პასუხი.
  • კარგი იქნება, თუ შეთანხმდებით, რომ ბავშვებმა აწიონ ცერა თითი და არ აფრიალონ ხელები ჰაერში.
  • შესთავაზეთ მოსწავლეებს კონსტრუქციული ენა დისკუსიაში გამოსაყენებლად, მაგალითად „მე პატივის ვცემ მის აზრს, მაგრამ არ ვეთანხმები, რადგან…“ და „მე ვეთანხმები, იმიტომ რომ…“.
  • ყოვეთვის შეინარჩუნეთ უსაფრთხო და პოზიტიური გარემო, რათა მოსწავლეებს არ შეეშინდეთ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის. 
  • არ ინერვიულო, თუ ვერ მიაღწევთ შეთანხმებას ყველა პრობლემაზე. ხანდახან მოსწავლეებს შეიძლება დასჭირდეთ მეტი დრო. შეგიძლიათ გააგრძელოთ მანამ, სანამ საჭირო იქნება.
  • მოკლე (5-10 წუთი) რეგულარული ლაპარაკი უფრო ეფექტურია, ვიდრე ერთი გრძელი საუბარი. მაქსიმუმ 2 ლაპარაკი დღეში.
  • გამოიყენეთ სურათები. თითოეულ წერტილებიან გამოსახულებაზე შეჩერდით მაქსიმუმ სამი წამი. შემდეგ დამალეთ და იკითხეთ რამდენი წერტილი დაინახეს და როგორ. 
  • 1.pdf
  • 2.pdf
  • 3.pdf
Twitter
Email
Facebook
Reddit
LinkedIn
Scroll to Top