საკითხები: შედარება; გათვლა; რიცხვები
მასალები: სამუშაო ფურცელი (აქტივობის ბოლოს); 2 ცალი ათგვერდიანი კამათელი თითო თამაშისთვის (სხვადასხვა ფერის)
ყოველ შემდეგ საფეხურზე უფრო დიდი რიცხვი უნდა ეწეროს. სად უნდა ჩავსვათ თითოეული?
რატომ არის კარგი თამაში
ეს ჭკვიანური თამაში მოითხოვს თითოეული ორნიშნა რიცხვის დაფიქრებულ განლაგებას კიბეზე იქამდე, სანამ სხვა რიცხვებს გავიგებთ. ეს არის მრავალმხრივი და სახალისო თამაში, რომელიც შეგვიძლია მრავალჯერ გამოვიყენოთ.
როგორ ვითამაშოთ
პირველი თამაშისთვის, შენც შეგიძლია ითამაშო სადგურზე ყველასთან ერთად. ყველას აქვს თავისი სამუშაო ფურცელი თითო თამაშისთვის. აარჩიე ერთი ფერის კამათელი, რომელიც იქნება ათეული, ხოლო მეორე ფერის კამათელი, რომელიც იქნება ერთეული. როცა გააგორებ ორივეს, მიიღებ ერთ ორნიშნა რიცხვს. ყოველი გაგორების შემდეგ, ყველა მოთამაშე ათავსებს მიღებულ რიცხვს ნებისმიერ ადგილას თავის კიბეზე. წესი კი მხოლოდ ერთია, უფრო მაღალი რიცხვი უნდა ჩაჯდეს უფრო ზედა საფეხურზე, ხოლო უფრო დაბალი რიცხვი, უფრო ქვედაზე. თუ მოთამაშეს არ შეუძლია დასვას რიცხვი კიბეზე, მაშინ უნდა ჩაწეროს ფურცლის ქვედა მხარეს, როგორც „ნაგავი“. ვინც პირველი შეავსებს კიბეს – ის მოიგებს.
როცა მორჩებით ერთად თამაშს, მოსწავლეებს შეუძლიათ ითამაშონ წყვილებში, ან 3 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებში. ვინც ერთ ჯგუფში თამაშობს, უმჯობესია გააგორონ რიგრიგობით, თუმცა რიცხვები იყოს საერთო, რომ გავზარდოთ ჩართულობა. ასევე რეკომენდებულია სადგურების პრინციპი, სადაც სადგურზე რჩებიან გამარჯვებულები, დანარჩენები კი მიდიან შემდეგზე.
სააზროვნო კითხვები
- სად ჩასვამ ამ რიცხვს? რატომ მაინც და მაინც მანდ?
- რა რიცხვი გინდა, რომ ამოვიდეს შემდეგ გაგორებაზე?
- საიდან იცი, რომ ეს რიცხვი მეტია, ვიდრე ის?
შეჯამება
განიხილე სტრატეგიები მოსწავლეებთან ერთად. რა არის საუკეთესო გზა მოგებისთვის? შეუძლიათ მოსწავლეებს იპოვონ პოტენციური პრობლემები საკუთარ, ან სხვის სტრატეგიაში?
რჩევები
- თავიდანვე თქვით, რომ თუ კამათელი ჩავარდა მაგიდიდან, თავიდან უნდა გაგორდეს.
- სწრაფი ფრაზა, როგორიცაა „ზან ზან ზარი“ დაგეხმარება თამაშის ტემპის გაზრდაში, რომ მოსწავლემ დიდი ხანი არ გაწელოს გაგორება.
- ეს თამაში მარტივია გადავაქციოთ კოლაბორაციულ თამაშად, ამისთვის ჯგუფმა უნდა შეავსოს 1 სამუშაო ფურცელი ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები „ნაგავი“ დააგროვონ.
- მოსწავლემ თავად აირჩიოს რომელი კამათელი აძლევს მას ათეულს და რომელი ერთეულს.