საკითხები: ლოგიკა; თვლა; ფიგურების გარჩევა; სტრატეგია
მასალები: სამუშაო ფურცლები; ფანქარი/კალამი/მარკერი
თამაშის წესების სწავლა ძალიან მარტივია, მაგრამ მისი დასახელოვნება – საკმაოდ რთული.
რატომ არის კარგი თამაში
თამაში იქსიკი-ნოლიკს წააგავს. იგი ბავშვებისთვის სახალისო და ჩამთრევია. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის პრინციპი მარტივია, ის ხელს უწყობს ღრმა მათემატიკური, თუ სტრატეგიული უნარების განვითარებას.
როგორ ვითამაშოთ
საჭიროა სამუშაო ფურცელი, ან უჯრებიანი რვეული, რომელშიც მოსწავლეები ჩახატავენ თანაბრად დაშორებულ წერტილებს 3 x 3, ან 4 x 4 (შესაძლოა მეტიც).
თამაშს თამაშობს ორი მოთამაშე. თქვენს სვლაზე გაავლეთ ვერტიკალური, ან ჰორიზონტალური ხაზი ორ მეზობელ წერტილს შორის. თუ ვერ მოახერხეთ პატარა კვადრატის შეკვრა, სვლა გადაეცემა მოწინააღმდეგეს. თუ თქვენს სვლაზე მოახერხებთ კვადრატს შეკვრას, მიიღებთ ერთ ქულას და მოიპოვებთ კიდევ ერთი სვლის უფლებას. მონიშნეთ თქვენი დასრულებული კვადრატი თქვენივე ინიციალებით. მაგალითად თუ გქვიათ ანაბელი, შევსებული კვადრატი აღნიშნეთ A სიმბოლოთი და გააკეთეთ მომდევნო სვლა. გამარჯვებულია ის, ვინც შეკრავს მეტი რაოდენობის პატარა კვადრატს. გასათვალისწინებელია, რომ დიდი ზომის კვადრატები ქულად არ ითვლება.
მაგალითი
სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ თამაშობენ ამ თამაშს ანაბელი და ბადრი. ანაბელი ავლებს პირველ მონაკვეთს და რადგან ვერ კრავს კვადრატს, სვლა გადადის ბადრიზე. მეორე მონაკვეთს ბადრი ავლებს და ა.შ. კენტი სვლები ანაბელისაა, ლუწი სვლები ბადრის. მე-8 სვლაზე ვხედავთ, რომ ბადრი ორ მონაკვეთს ავლებს, პირველი მონაკვეთით ბადრი ავსებს კვადრატს და წერს B ასოს შევსებულ კვადრატში, რადგან კვლავ მისი სვლაა, კიდევ ერთ ხაზს ავლებს, მაგრამ ამჯერად ვეღარ კრავს კვადრატს და სვლა გადადის ანაბელზე. ანაბელი ერთმანეთის მონაცვლეობით კრავს კვადრატებს და წერს მის ინიციალს, ასო A-ს. ამ შემთხვევაში გამარჯვებულია ანაბელი, ანგარიშით 3:1.
© Wikipedia-ს მომხმარებელი Tiger66
სააზროვნო კითხვები
- რომელია უკეთესი, შენ დაიწყო თამაში, თუ მოწინააღმდეგემ?
- რამდენი კვადრატის ჩარჩო გაქვს დასრულებული თამაშის დაფაზე?
- მაქსიმუმ რამდენი ქულის მოპოვებაა შესაძლებელი თამაშის განმავლობაში?
- როგორ ფიქრობ, რატომ მოიგე/წააგე ეს თამაში?
- შესაძლებელია თამაში ფრე დამთავრდეს?
- რა ტაქტიკას მიმართავ მოწინააღმდეგეზე მეტი კვადრატის შესავსებად?
რჩევები
- დასაწყისისთვის უმჯობესია დაიწყოთ 3 x 3 -ზე ფურცლებით და შემდეგ გადახვიდეთ დიდ სამუშაო ფურცლებზე.
- თამაში უფრო სახალისოა, როდესაც მოწინააღმდეგეებს სხვადასხვა ფერის ფერადი ფანქარი/კალამი აქვთ.
- უკვე შევსებულ კვადრატზე საიდენტიფიკაციო ნიშნის დასმა დაგეხმარებათ თქვენი ქულის დამახსოვრებაში.
- სანამ ამ თამაშს კომპლექსურ ამოცანებში გამოიყენებთ, ითამაშეთ კლასში იქამდე, სანამ არ დარწმუნდები, რომ ყველამ გაიაზრა წესები.
- დაიწყეთ 3×3-ზე ფურცლებით და შემდეგ, დიდი სამუშაო ფურცლებით შეგიძლიათ თავიდან დააჩელენჯოთ მოთამაშეები.