საკითხები: გამრავლება; ერთეულების ცვლა
მასალები: ერთეულების ჯოხები; ფურცელი და ფანქარი
იცი თეთრი ჯოხების მნიშვნელობა… როგორ შეგიძლია გაიგო რას უდრის დანარჩენი ჯოხები?
რატომ არის კარგი აქტივობა
ეს აქტივობა აერთიანებს გამრავლებისა და პრობლემების გადაჭრის ძირითად პრინციპებს ბუნებრივ და ხელშესახებ კონტექსტში.
დაწყება
მასწავლებელი აჯგუფებს ერთეულების ჯოხებს, ამბობს მათ მნიშვნელობებს და სვამს შეკითხვებს, მოსწავლეები კი დამოუკიდებლად ცდილობენ ამოხსნას და პასუხების ჩაწერას.
მიეცი მოსწავლეებს იმდენი დრო, რამდენიც სჭირდებათ – მინიმუმ 1, ან 2 წუთი საწყის ეტაპზე და ცოტა მეტი უფრო რთულ შეკითხვებზე.
პრობლემა 1:
თუ თეთრი ერთეულების ჯოხი უდრის 1-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?
შენიშვნა: შეგიძლია წარადგინო პრობლემები სიტყვების გარეშეც, უბრალოდ დაალაგე ერთეულების ჯოხები დაფაზე და მიუწერე მნიშვნელობები.
თუ მოსწავლეებს აქამდე ამ ტიპის პრობლემებზე არ უმუშავიათ, ეს აქტივობა შეიძლება კარგი გამხსნელი იყოს. ისინი დიდი ალბათობით ააწყობენ კიბეებს და მიხვდებიან, რომ წითელი = 2, ღია მწვანე = 3 და ა.შ. სტაფილოსფრამდე, რომელიც იქნება 10. გამოიწვიე, რომ გაიგონ რამდენი იქნება სტაფილოსფერს + ლურჯი + ყავისფერი (10+9+8=27)
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გაიგებენ თითოეული ჯოხის მნიშვნელობას, შეგიძლია სთხოვო, აგიხსნან როგორ გაიგეს, რომ ლურჯი ჯოხი = 9. ამის დასამტკიცებლად ბევრი გზა არსებობს.
მაგალითად, თუ ლურჯი ჯოხი არის 4 წითელს (ანუ 4 ორს) + 1 თეთრი (ერთი), მაშინ ის უდრის 9-ს. ასევე მისი გამოთვლა შეგვიძლია ყვითლისა და იასამნისფრის მიმატებით, რაც არის 5 + 4 = 9. ის ასევე ერთი თეთრი ჯოხით ნაკლებია სტაფილოსფერზე, რაც უდრის 10 – 1 = 9. და ა.შ.
პრობლემა 2:
თუ თეთრი = 2, რას უდრის დანარჩენები?
ამ შემთხვევაში, თითოეული ჯოხი იქნება 2-ის ჯერადი. გაითვალისწინე, რომ ზოგმა მოსწავლემ შესაძლოა იფიქროს, რომ წითელი = 3, ღია მწვანე = 4, და ა.შ.
იმის დამტკიცება, რომ ეს პასუხი შეცდომაა, შესაძლოა ამ გზით: თეთრი + თეთრი = წითელი. რაც ნიშნავს, რომ 2+2=3 (რაც ცალსახად არასწორია).
მას შემდეგ, რაც ბავშვები გაჩვენებენ თავიანთ ამოხსნებს, შეგიძლია რამდენიმე შეკითხვა ერთობლივად დაუსვა და მისცე საშუალება, რომ იმუშავონ უფრო რთულ შეკითხვებზე, როცა მზად იქნებიან.
პრობლემა 3: თუ თეთრი უდრის 5-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?
პრობლემა 4: თუ თეთრი უდრის 4-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?
პრობლემა 5: თუ თეთრი უდრის 6-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?
პრობლემა 6: თუ თეთრი უდრის 8-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?
პრობლემა 7: თუ თეთრი უდრის 12-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?
პრობლემა 8: თუ წითელი უდრის 14-ს, რას უდრის დანარჩენი ჯოხები?
თუ უფრო მეტი შეკითხვა იქნება საჭირო, მიეცი საშუალება, რომ თავადაც მოიგონონ.
სააზროვნო კითხვები
- რა მოხდებოდა, წითელი ჯოხი რომ 10-ს უდრიდეს? ძალიან ბევრია, თუ ძალიან ცოტა?
- საიდან იცი, რომ ნამდვილად ეგაა ყავისფერი ჯოხის მნიშვნელობა?
შეჯამება
აირჩიე ბოლო პრობლემა, რომელზეც ყველა მოსწავლემ იმუშავა და დაუთმე რამდენიმე წუთი მის განხილვას. მიეცი საშუალება, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ამოხსნის გზები. შესაძლებელია, რომ მათი სტრატეგიები გაუზიარონ მეწყვილეებს. შემდეგ შეარჩიე 1, ან 2 მოხალისე, რომლებიც თავიანთ მეთოდებს მთელ კლასს გაუზიარებენ.
რჩევები
- დარწმუნდი, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ შეადგინონ და ამოხსნან პრობლემის თავიანთი ვერსია.
- ცვალე პრობლემათა სირთულე, რამდენადაც საჭირო იქნება.
- მოსწავლეებს ყოველთვის შეუძლიათ, რომ გამოიცნონ პასუხი და შემდეგ შეამოწმონ. ეს კარგი სტრატეგიაა წასახალისებლად, რადგან უფრო ნათელს ხდის გაყოფასა და გამრავლებას შორის კავშირს.