საკითხები: ორნიშნა რიცხვები; შედარება; ვარაუდი
მასალები: სამუშაო ფურცელი (ფაილის ბოლოს); 2 ცალი ათგვერდიანი კამათელი თითო თამაშისთვის (სხვადასხვა ფერის)
რიცხვები უნდა გაიზარდოს უფრო მაღალ საფეხურზე ასვლისას. სად უნდა ჩავწეროთ თითოეული?
რატომ არის კარგი თამაში
ეს ჭკვიანური თამაში მოითხოვს ორნიშნა, ან სამნიშნა ათწილადების დაფიქრებულ განლაგებას კიბეზე იქამდე, სანამ სხვა რიცხვებს გავიგებთ. ეს არის მრავალმხრივი და სახალისო თამაში, რომლის რამდენჯერმე გამეორება შეიძლება.
დაწყება
პირველ ჯერზე შენც შეგიძლია ითამაშო სადგურზე ყველასთან ერთად. ყველას აქვს თავისი სამუშაო ფურცელი თითო თამაშისთვის. აარჩიე ერთი ფერის კამათელი, რომელიც იქნება ერთეული, ხოლო მეორე ფერის კამათელი, რომელიც იქნება მეათედი. როცა გააგორებ ორივეს, მიიღებ რიცხვს 0-დან 9.9-მდე. ყოველი გაგორების შემდეგ, ყველა მოთამაშე ათავსებს მიღებულ რიცხვს ნებისმიერ ადგილას თავის კიბეზე. წესი კი მხოლოდ ერთია, უფრო მაღალი რიცხვი უნდა ჩაჯდეს უფრო ზედა საფეხურზე, ხოლო უფრო დაბალი რიცხვი – ქვედაზე. თუ მოთამაშეს არ შეუძლია დასვას რიცხვი კიბეზე, მაშინ უნდა ჩაწეროს ფურცლის ქვედა მხარეს, როგორც „ნაგავი“. ვინც პირველი შეავსებს კიბეს – ის მოიგებს.
როცა მორჩებით ერთად თამაშს, მოსწავლეებს შეუძლიათ ითამაშონ წყვილებში, ან 3 კაციან ჯგუფებში. ვინც ერთ ჯგუფში თამაშობს, უმჯობესია გააგორონ რიგრიგობით, თუმცა რიცხვები იყოს საერთო, რომ გავზარდოთ ჩართულობა. ასევე რეკომენდირებულია სადგურების პრინციპი, სადაც სადგურზე რჩებიან გამარჯვებულები, დანარჩენები კი მიდიან შემდეგზე.
სააზროვნო კითხვები
- სად დადებ ამ რიცხვს? რატომ მაინც და მაინც მანდ?
- რა რიცხვი გინდა რომ ამოვიდეს შემდეგ გაგორებაზე?
- საიდან იცი, რომ ეს რიცხვი მეტია, ვიდრე ის?
შეჯამება
განიხილე სტრატეგიები მოსწავლეებთან ერთად. რა არის საუკეთესო გზა მოგებისთვის? შეუძლიათ მოსწავლეებს იპოვონ პოტენციური პრობლემები საკუთარ, ან სხვის სტრატეგიაში?
რჩევები
- თავიდანვე თქვით, რომ თუ კამათელი ჩავარდა მაგიდიდან, თავიდან უნდა გაგორდეს.
- ეს თამაში მარტივია გადავაქციოთ კოლაბორაციულ თამაშად, ამისთვის ჯგუფმა უნდა შეავსოს 1 სამუშაო ფურცელი ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები „ნაგავი“ დააგროვონ.
- მოსწავლემ თავად აირჩიოს რომელი კამათელი აძლევს მას ათეულს და რომელი ერთეულს.