საკითხები: გამრავლება; ფართობი; სტრატეგია; მიმატება
მასალები: ფერადი ფანქრები/მარკერები/კალმები; კამათლები (ან Online Dice); სამუშაო ფურცლები
რატომ არის კარგი თამაში
თამაში საშუალებას გვაძლევს დავინახოთ გამრავლება ვიზუალურად და უკეთ აღვიქვათ მართკუთხედების ფართობი. აქვს როგორც შეჯიბრის, ასევე წყვილში ერთად მუშაობის ნაწილი.
როგორ ვითამაშოთ
ვყოფთ მოსწავლეებს წყვილებად, ყველას სათითაოდ ვურიგებთ ქულების ფურცელს და შემდეგ ყველა წყვილს ვაძლევთ ერთ სათამაშო დაფას. მონაწილეები ირჩევენ ფერს (რომელი ფერის მარკერს, ფანქარს, ან კალამსაც აიღებენ), მნიშვნელოვანია, რომ თითო წყვილში მოთამაშეებს განსხვავებული ფერი უნდა ჰქონდეთ. შემდეგ ვირჩევთ თითო წყვილისთვის პირველ მოთამაშეს და ვიწყებთ 2 კამათლის გაგორებას. მაგალითად ამოვიდა 2 და 5, პირველი მოთამაშე აფერადებს დაფაზე მართკუთხედს 2:5-ზე (ან 5:2-ზე). არავის შეუძლია გააფერადოს ის უჯრა, რომელიც უკვე გაფერადებულია, ვერც დაფას გადავცდებით. გაგორებულ კამათლის წყვილს და მართკუთხედის ფართობს მოთამაშე იწერს სამუშაო ფურცელზე. რაღაც დროის მერე, თუ მოთამაშე ვერ ატევს გაგორებული რიცხვების მართკუთხედს დაფაზე, ის ტოვებს სვლას. თუ კლასში ყველა წყვილში 2-ჯერ ზედიზედ გამოვტოვეთ სვლა, თამაში მთავრდება.
თამაში რეკომენდირებულია წყვილებში, თუმცა შესაძლებელია 3, ან 4 ადამიანშიც. პირველი ეტაპი არის შეჯიბრი, სადაც ისე უნდა ჩასვან მართკუთხედები, რომ ერთმანეთს სივრცე დაუბლოკონ და რაც შეიძლება მეტი გააფერადონ თვითონ, იგებს ის, ვისი ფერიც მეტ ფართობზე იქნება (ამას ვითვლით ფართობით და ქულების ფურცლის ნამრავლებით). შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავარიგოთ ფურცლები და ამჯერად წყვილები ეჯიბრებიან ერთმანეთს, თითოეული წყვილის მიზანია, ფურცლის რაც შეიძლება დიდი ფართობი გააფერადონ ერთად, ისე რომ არ გაიჭედონ.
სააზროვნო კითხვები
- რამდენი ქულა დააგროვე ამ გაგორებაზე?
- ვინ იგებს? რატომ?
- რა გინდა რომ ამ გაგორებაზე ამოგივიდეს?
- თამაშის სხვადასხვა ეტაპზე: რა გირჩევნია ამოგივიდეს დიდი რიცხვები, თუ პატარა, რატომ?
- როგორ ჯობია, შენ გააკეთო პირველი სვლა, თუ მეწყვილემ, რატომ?
- რა სტრატეგიას მიმართავდი მოსაგებად?
- შენი აზრით, რამდენად გამართლებაზეა ეს თამაში?
შეჯამება
ქულების დათვლის შემდეგ, ვსაუბრობთ, თუ რა ტაქტიკას მიმართეს მოსწავლეებმა ქულების დასათვლელად. დავსვათ ის სააზროვნო კითხვები, რაც ვერ მოვასწარით პროცესისას.
რჩევები
- თუ არ გაქვთ კამათლები, ეს პრობლემა არაა, შეგიძლიათ ონლაინ კამათელი გამოიყენოთ. ყველა წყვილში აარჩიეთ ვინ იქნება პირველი მოთამაშე და გააგორეთ კამათელი 2-ჯერ მათთვის. შემდეგ ყველა წყვილის მეორე მოთამაშისთვის…
- ისაუბრეთ იმაზე იგივე შედეგით დაამთავრებს, თუ არა ყველა წყვილი თამაშს, მათ ხომ ერთი და იგივე რიცხვები ამოსდით?
- თამაშს სჭირდება სრული გაკვეთილი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლემ კარგად გაიაზროს თამაშის პრინციპები. მომავალში თამაშის გამოყენება შეიძლება სხვა გაკვეთილის ნაწილად/ელემენტად, თუმცა არა პირველ ჯერზე.