საკითხები: ლოგიკა; დედუქცია; თანრიგი; ციფრები
მასალა: რვეულები და კალმები; დაფა და მარკერი
შეგიძლია გამოიყენო მინიშნებები და გამოიცნო რიცხვი რაც შეიძლება ნაკლებ სვლაში?
რატომ არის კარგი თამაში
როგორც კი მიეჩვევით ამ სასაცილო სიტყვებს, აღმოაჩენთ, რომ ეს თამაში არის კარგი საშუალება ლოგიკური და თანმიმდევრული აზროვნების გასავარჯიშებლად. ასევე, ამ სავარჯიშოს დახმარებით შესაძლებელია ციფრებსა და რიცხვებს შორის განსხვავების სწავლა.
როგორ ვითამაშოთ
მასწავლებელი ირჩევს რიცხვს, რომელშიც ციფრები არ მეორდება. მოსწავლეები ცდილობენ გამოიცნონ ჩაფიქრებული რიცხვი. ყოველი ცდის შემდეგ, მასწავლებელი აძლევს უკუკავშირს:
- თუ მოსწავლის მიერ დასახელებული რიცხვის რომელიმე ციფრი დაემთხვა ჩაფიქრებული რიცხვის ერთ-ერთ ციფრს და ამასთან სწორ თანრიგზე ზის, ვამბობთ: „პიკო“.
- თუ ციფრი, ან ციფრები დაემთხვა, მაგრამ არცერთი მათგანი არ ზის სწორ თანრიგზე, ვამბობთ: „ფერმი“.
- თუ არცერთი ციფრი არ დაემთხვა, ვამბობთ: „ბეგელი“.
მაგალითი
დავუშვათ, ჩავიფიქრეთ რიცხვი 487.
მოსწავლეები ცდილობენ გამოიცნონ ჩაფიქრებული რიცხვი:
ცდა 1: 139 უკუკავშირი: „ბეგელი“ — არცერთი ციფრი არ ემთხვევა.
ცდა 2: 820 უკუკავშირი: „ფერმი“ — 8 სწორია, თუმცა არასწორ თანრიგზეა.
ცდა 3: 468 უკუკავშირი: „პიკო“ — 8 სწორია, თუმცა არასწორ ადგილასაა, მაგრამ რადგან 4 სწორია და სწორ ადგილასაა ვამბობთ პიკოს. (შეგვიძლია ვთქვათ “პიკო ფერმი” 4-ისთვის პიკო, 8-ისთვის ფერმი, მაგრამ ეს თამაშს ამარტივებს)
ცდა 4: 568 უკუკავშირი: „ფერმი“ — 8 სწორია, თუმცა არასწორ ადგილასაა.
ცდა 5: 482 უკუკავშირი: „პიკო“ — 4-იც და 8-ც სწორ ადგილასაა.
ცდა 6: 487 უკუკავშირი: — რიცხვი გამოცნობილია.
მოსწავლეებს დასჭირდათ 6 ცდა! შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო ნაკლები დასჭირდებათ?
რჩევები
- პიკოს, ფერმის, ან ბეგელის ვამბობთ მთლიანად ჩაფიქრებულ რიცხვზე და არა თანრიგის ციფრებზე.
- დაიწყეთ 2-ნიშნა რიცხვით. გადადი 3-ნიშნაზე მხოლოდ მაშინ, როცა 2-ნიშნა გახდება ცხადი.
- შეგიძლიათ გააკეთოთ ჩარჩო, რომელშიც გამოყოფილი იქნება თანრიგები და თუ რომელიმე მოსწავლე არგუმენტირებულად დაგისაბუთებთ ათეულების თანრიგში რა ციფრი ზის, ჩაწეროთ არსებულ ჩარჩოში, რაც გაუმარტივებთ სააზროვნო პროცესს.
- შეგიძლიათ დაფაზე ჩამოწეროთ ციფრები და ბეგელის შემთხვევაში გადახაზოთ გამორიცხული ციფრი.
- სასურველია მოსწავლეებმა რვეულში ჩაინიშნონ ის მინიშნებები, რასაც უკუკავშირის დროს ეუბნებით.
- დააკვირდით ციფრებს. თამაშის იდეაა, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ უკუკავშირზე დაყრდნობით უკეთესი ვარაუდის შემოთავაზება ყოველ მომდევნო ცდაზე.
- დააპაუზეთ ხოლმე თამაში და ჰკითხეთ მოსწავლეებს, თუ რა იციან დაზუსტებით. რომელი ციფრები გამოირიცხა და რომელი ციფრის ადგილი იციან ზუსტად? არის ისეთი ციფრ(ებ)ი, რომელიც უეჭველია ჩაფიქრებულ რიცხვში? საიდან იციან ეს?